გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი
“საქართველო გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი. საქართველოზე გადის საგზაო და სარკინიგზო ქსელები და რაც მთავარია, მილსადენები, რომლებიც აკავშირებს კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს თურქეთსა და ევროპასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” გახსნაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მდებარეობა კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე, მრავალმხრივ შესაძლებლობასთან ერთად, გამოწვევებსაც უყენებს ქვეყანას.
„განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ენერგოუსაფრთხოება, ევროატლანტიკური სივრცის წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით. შავი ზღვის რეგიონს და სამხრეთ კავკასიას უდიდესი დატვირთვა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტიანი გზა ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისათვის სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გადის. საქართველოს, როგორც თავისუფალ, დემოკრატიულ და ღია სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი, რომელზეც საგზაო და სარკინიგზო ქსელები, მილსადენები გადის.
„იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ, შავი ზღვის ნავსადგურების, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, საქართველოს აქცევს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. საქართველო გააგრძელებს ყველა იმ პროექტის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან და ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების შემდგომ გამტკიცებას, აზერბაიჯანის, ხოლო მომდევნო ეტაპზე, ასევე, თურქმენეთის რესურსების ევროპის მიმართულებით შესაძლო ტრანზიტის კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სულ უფრო აქტუალური ხდება ისტორიული „აბრეშუმის გზის“ განახლება.
„დარწმუნებული ვარ, აბრეშუმის გზის სარტყლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინდუსტრია და კომუნიკაციები, დადებით შედეგებს მოუტანს არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ ევროპას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.