ოთარ აბესაძის ადვოკატს სუს-მა საქმის მასალები გადასცა
“მირჩევნია გავეცნო საქმის მასალებს და მას ბრალის წარდგენის დროს ვნახავ”, – ამის შესახებ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმის მასალები მიიღო, მათ შორის, სამი დისკი. როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ჯერ ცნობილი არ არის, თუ რომელ საათზე წარუდგენს გამოძიება ბრალს ოთარ აბესაძეს, თუმცა მისი თქმით, ბრალის წარსადგენად, გამოძიებას დრო 22.00 საათამდე აქვს.
”ოთარ აბესაძეს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, ვინაიდან გუშინ ემოციურად საკმაოდ რთულად იმყოფებოდა. დღეს მე ის არ მინახავს. მირჩევნია გავეცნო საქმის მასალებს და მას ბრალის წარდგენის დროს ვნახავ. გუშინ, საქმესთან დაკავშირებით, მასთან არ მისაუბრია, რადგან მძიმე ფონი ჰქონდა”, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.