რამდენიმე სუნელ-სანელებელში ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გადააგზავნეს. ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია ყველა -75-ივე ნიმუში, საიდანაც დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა.
მოქმედი კანონმდებლობით, 1 კილოგრამ სანელებელში ტყვიის შემცველობა 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია”); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ.”ელგუჯა ჯახაია”); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ.”გიგა შარანგია”); სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ.”მადონა თოდუა”).
კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება დასაზოგადოებას გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, ჯანდაცვის გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ეცნობებათ. აგრეთვე, ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოსაც მიეწოდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტთან, კვლევების შედეგების გაცვლის მიზნით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში ტოქსიკური ელემენტების – მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს 2010 წლიდან ატარებს. 2012 წლიდან დღემდე, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის, ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევებთან დაკავშირებით, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები