ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა

„მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის, II მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეულის, III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ჩარლი” ასეულის, დაზვერვისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების, ასევე, ბატალიონის შტაბის საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.შეჯიბრება ოლიმპიური სისტემის წესით მიმდინარეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს II ქვეითი ბრიგადის „ბრავო” ასულისა და ეროვნული გვარდიის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც „ბრავო” ასეულის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა და შესაბამისად, პირველი ადგილი და საპატიო თასი მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ გადასცა. ტურნირზე დაწესებული ფასიანი საჩუქრები საუკეთესო ფეხბურთელისთვის I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ფეხბურთელს, სერჟანტ ვლადიმერ ნაჭყებიას, ხოლო საუკეთესო ბომბარდირისთვის, 6 გატანილი გოლით, – II ქვეითი ბრიგადის „ბრავო” ასეულის გუნდის წევრს, პირველი კლასის რიგითს, მინდია კოპალეიშვილს გადაეცათ.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები