ქართული ოცეული საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ მონაწილეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეული უკრაინაში გაემგზავრა. ქართველი სამხედროები ყოველწლიურ საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ იღებენ მონაწილეობას, რომელიც დღეიდან 23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინაციას, საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და ამფიბიურ ოპერაციებს ისახავს.
სწავლება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდლობისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი მასპინძლობით ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში იმართება და მასში ქართულ ოცეულთან ერთად აშშ-ის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, კანადის, მოლდავეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
ქართული ოცეული სწავლების საზღვაო ქვეით კომპონენტში ჩაერთვება. ქვედანაყოფის 2 ოფიცერი „შიროკი ლანის“ პოლიგონზე განთავსებულ მრავალეროვნული ბატალიონის შტაბის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აშშ-ის მე-6 ფლოტის და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მყვინთავებთან ერთად ოდესაში განთავსდება და სამხედრო და სამოქალაქო პორტებში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლის.
„Sea Breeze 2017“-ის ფარგლებში ქვეითი ოცეული ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, პატრულირებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში, ამფიბიურ ოპერაციებში, საჰაერო დესანტირებასა და ბრძოლა დასახლებულ პუნქტებში გაივლის. ქართველი სამხედროები სპორტულ ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან.
II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ოცეულს იგივე სწავლებაში მონაწილეობა 2008 წელსაც აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები