ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ხელმძღვანელმა, თეა ნიკოლაშვილმა მიმართა და სემინარის ფორმატი გააცნო.
როგორც ,,კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის პირველ დღეს თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოხსენება ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოზე საუბარს დაეთმო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძემ ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის, თანადგომისა და რეაგირების საჭიროებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის არის აუცილებელი. სახელმწიფო მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატები გამოყო. ვიქტორ დოლიძე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ვიზა ლიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულების საკითხებსაც შეეხო. მან ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პოლიტიკურ და პრაგმატულ ნაწილებზეც ისაუბრა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წვლილიც ახსენა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს ყოველთვის აღიარებენ.
შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი ესწრებოდა, კურსის მონაწილეებს მან საერთაშორისო უსაფრთხოების ენერგეტიკულ ასპექტები და ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააცნო. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებსა და ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველო განახლებადი რესურსების მქონე ქვეყანაა და აუცილებელია ინფრასტრუქტურულად რეგიონის ქვეყნებთან მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული.
რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში მომხსენებლებმა არაკონვენციური საფრთხეები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები მიმოიხილეს.
დღესვე კურსის მონაწილეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და კრიზისულ სცენარზე მუშაობა დაიწყეს.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები