მსოფლიოში წამყვანმა კომპანიებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოხატეს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდნენ და ქართულ ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოხატეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებთან. როგორც „EBRD“-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წელს თბილისში „EBRD“-ის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარების შესახებ. ეს იქნება პირველი დიდი მასშტაბის შეხვედრა კავკასიაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად. ამას გარდა, „EBRD“-ი გეგმავს, ახალი ინვესტიციები ჩადოს ქართულ ენერგოსექტორში. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვა განახორციელა ტელეკომპანია „CNBC“ -მა. ასევე პრემიერმა ინტერვიუ მისცა სააგენტო „ბლუმბერგს“. პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს დელეგაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდნენ.