შსს-ს და აშშ-ს საელჩოს გუნდებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საელჩოს სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის ტრადიციული ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ანგარიშით 11:8 მოიგეს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – მერაბ მალანია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი – ნიკოლას ბერლინერი, მთავარი პროკურორი – ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე, შს სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
„მადლობას ვუხდი აშშ-ის საელჩოს, რომ ასე დადებითად შეაფასეს ქართველი სამართალდამცველების საქმიანობა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენს ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. დღევანდელი ამხანაგური მატჩიც საქართველოს შსს-სა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის 25-წლიანი წარმატებული დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გვაახლოებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ.
შს სამინისტროს და აშშ-ის საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მესამე წელია იმართება.