ეკა ბესელია: საპარლამენტო უმრავლესობას უფლება არ აქვს, კონსტიტუციური ცვლილების მიღების პროცესი შეწყვიტოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციის ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეს წინასწარ გააზრებული პოლიტიკური პროცესი იყო. ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას უფლება არ აქვს, კონსტიტუციური ცვლილების მიღების პროცესი შეწყვიტოს.
„ის, რაც გუშინ დემარშის სახით მოხდა, ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი იყო. დებატების დროს, საპარლამენტო უმცირესობა დარბაზში დარჩა და კითხვა-პასუხის დისკუსიაში ბოლომდე მონაწილეობდა, შემდეგ განხილვიდან მათი გასვლაც პოლიტიკური სცენარის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ ამ პროცესს ჩრდილი მიაყენონ და აჩვენონ, რომ თითქოს საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ მიმდინარეობს. ეს სწორი და მართებული არ არის, რადგან საკონსტიტუციო კომისია ასეთი ფართო ჩართულობით არ მახსოვს. მესმის ის, რაც ოპონენტებს გამიზნული აქვთ, ამ პროცესისთვის ჩრდილის და ზიანის მიყენების თვალსაზრისით. უფლება არ გვაქვს, კარგი კონსტიტუციის მიღებაზე უარი ვთქვათ“, – აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობოების ბოიკოტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მათი შენიშვნების დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტში ასახულია.
„სამოქალაქო სექტორში მტრის ხატის ძებნა არ მიყვარს და ამიტომ ამაზე შეფასებებს არ გავაკეთებ. ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ყველა მათგანი კომისიის და განხილვის ფარგლებში ჩართული იყო. მათი მოთხოვნისა და მოსაზრებების ძალიან დიდი ნაწილი გათვალისწინებული იყო. ის, რომ კონსენსუსის გამო ვადებთან მიმართებაში გარკვეული ცვლილება მოხდა, ბუნებრივია, რადგან კონსენსუსი გუნდის შიგნითაც გვჭირდება და გარეთაც. სხვაგვარად შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. როცა გარედან კონკრეტული მოთხოვნების დაყენება ხდება, ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვ. შეუძლებელია, ასეთი იდეალური მოცემულობის შექმნა. მათი პოზიციის თითქმის 80 პროცენტი გაზიარებულია. ის, რომ ამ პროცესში ყველამ ყველას თავისი წინადადების რეალობა ითხოვოს, ეს შეუძლებელი ამოცანაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ .