ქალთა და ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ვიდეორგოლები სატელევიზიო სივრცეში დღეიდან განთავსდება

ცვლილებები 20-მდე კანონში. სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია #იმოქმედე! − იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას აგრძელებს და საზოგადოებას მასში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. დღეიდან ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისთვის, სატელევიზიო ეთერში ვიდეორგოლები განთავსდება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „Holmes&Watson“-მა სპეციალურად კამპანიისთვის დაამზადა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კლიპების მიზანია საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივება. ვიდეორგოლები ადამიანებს მოუწოდებს, არ დარჩნენ ინერტულნი ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ. „ოჯახში ძალადობა სანახაობა არ არის!“ „ნუ იქნები მაყურებელი!“ #იმოქმედე!“ – ეს ის მთავარი გზავნილებია, რომელსაც თითოეული ვიდეორგოლი ატარებს და სწორედ ამ კონცეფციის საშუალებით სურს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების კონსოლიდირება და გააქტიურება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
ვიდეორგოლები იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს: შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში, ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე, ახალი ვებგვერდი − http://imoqmede.ge/ , რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება.
სოციალური კამპანიის − #იმოქმედე! მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება. კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში გაიმართება. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით, მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. წლის ბოლომდე, ტრენინგი ყველა დიდ ქალაქსა და ყველა სოფელს მოიცავს, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.
დღეისათვის სწავლებას 200-ზე მეტი მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი ტრენინგს 2500 მსმენელი გაივლის. უკვე ფუნქციონირებს ვებგვერდი – http://imoqmede.ge/, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს. ვებგვერდს აქვს ღილაკი − #ვუერთდები, რომლითაც ინტერნეტმომხმარებლები მხარდაჭერას გამოუცხადებენ კამპანიას. ანონიმური შეტყობინების საშუალებით, ნებისმიერ პირს შეუძლია, დატოვოს შეტყობინება ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებ. მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის დატოვება ძალადობის ფაქტების თაობაზე. დღეიდან კი ძალადობის წინააღმდეგ სოციალური აქტივობისკენ იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლებით ტელეეთერიდანაც მოუწოდებს.
იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გაგრძელდება.

www.imoqmede.ge

საქართველოს მთავრობამ სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

imoqmede.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები