პარლამენტში დიპლომატიური ფორუმი „საერთაშორისო დიპლომატიის როლი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლაში“ გაიხსნა

„25 წელია, მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებაში  თავის ლეგიტიმურ ადგილს იბრუნებს. დღეს ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველო საერთაშორისოდაა აღიარებული მისი დემოკრატიზაციით და მზარდი, სტაბილური ეროვნული ინსტიტუტებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ ფორუმზე „საერთაშორისო დიპლომატიის როლი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს მსოფლიოს 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დიპლომატიურ ფორუმს უმასპინძლა, რომელიც ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენს თაობას დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების ისტორიული პრივილეგია ხვდა წილად. მისივე თქმით, იმისთვის, რომ მომავალ თაობებს მშვიდობიანი და სტაბილური მომავალი ჰქონდეთ, ორი მთავარი მიზანი უნდა იქნას მიღწეული.

 „პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შიდა რეფორმების განხორციელება, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

მეორე – უნდა განვაგრძოთ აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გავუმკლავდეთ კრიტიკულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

„ჩვენ მართლაც შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ადამიანის უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, დაწყებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, დამთავრებული ქუჩით – ადამიანის უფლებებს  უდიდესი ყურადღებითა და სიფრთხილით აკვირდებიან.

რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მოქალაქეების ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ იმ პრინციპის გაძლიერებით, რომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ კანონის წინაშე.

ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც მთავრობის მიერაა ინიცირებული, მთავარი სოციალური და პოლიტიკური მიღწევაა. მან უზრუნველყო საიმედო,  უსაფრთხო სისტემა ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის და ჩვენს შორის ყველაზე დაუცველთ თვითპატივისცემისა და უსაფრთხოების შეგრძნება დაუბრუნა.

საქართველოს დინამიურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, მათ შორის, ჩვენი მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ოთხპუნქტიანი გეგმამ, უკვე აჩვენა შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც მომავალში კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დონეს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რეფორმებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა დემოკრატიის გაძლიერებისა და კონტროლისა და ბალანსის მექანიზმის გაუმჯობესებით საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციურად და პოლიტიკურად ვქმნით მყარ საფუძველს ჩვენი მომავლისთვის. გვჯერა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცებს, რომ ესაა ნაყოფიერი ნიადაგი კიდევ უფრო დემოკრატიული და სტაბილური საქართველოს სახელმწიფოსთვის“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული არცერთი წარმატება არ იქნებოდა შესაძლებელი მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე.

„ არცერთი ეს მიღწევა არ იქნებოდა შესაძლებელი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან.

ასე რომ, მადლობა საქართველოს გვერდით დგომისთვის, როდესაც ჩვენ ვხდებით უფრო ძლიერი და წარმატებულები, როდესაც ჩვენ ვაშენებთ მდგრად დემოკრატიულ სტუქტურებს და ვაქცევთ ჩვენს ქვეყანას სანდო, საიმედო პარტნიორად რეგიონში. ასევე, მადლობას გიხდით თქვენი მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველები, რომლებიც ადამიანთა სიცოცხლისა და ტერიტორიების უზარმაზარი დანაკარგების მოწმენი გახდნენ, მტკიცედ არიან მოწოდებულნი რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს –  არა სამხედრო ძალით, არამედ დინამიური დიპლომატიით და სტრატეგიული მოთმინებით. გვჯერა, რომ მხოლოდ მაშინ ვიქნებით ამ მისიაში წარმატებულნი, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს ექნებათ თავისუფალი არჩევანი, იცხოვრონ გაერთიანებულ და აყვავებულ საქართველოში, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრია. კიდევ ერთხელ, თქვენი მხარდაჭერით და პარტნიორობით, ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ ამ ისტორიულად, მორალურად და პოლიტიკურად ლეგიტიმურ მიზანს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და მის მეგობარ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ფორმირებაში ქართველი და უცხოელი დიპლომატების  წვლილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და მის მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები