200 ამერიკელი კონგრესმენი ტრამპს სასამართლოში უჩივის

აშშ-ის კონგრესის „დემოკრატიული პარტიის“ 200-მდე წევრმა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასმართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანა და უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან მოგების მიღების შესახებ აკრძალვის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დოკუმენტს როგორც სენატორებმა, ასევე, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ავტორების აზრით, ეს შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარჩელია, რომელიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიტანეს.
„პრეზიდენტ ტრამპს ინტერესთა კონფლიქტი 25 ქვეყანაში აქვს. ის პრეზიდენტის სავარძელს დამატებითი შემოსავლის მისაღებად იყენებს“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯონ კონიერსმა.
რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური შინაარსის სარჩელი სასამართლოში მერილენდის შტატის და კოლუმბიის ფედერალური ოლქის პროკურორებმა შეიტანეს.
ამ ინფორმაციის კომენტირებისას, ტრამპის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა განაცხადა, რომ სარჩელის უკან პოლიტიკური მოტივები დგას.
პრეზიდენტად არჩევამდე,  დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ბიზნესაქტივებს თავის შვილებს გადასცემს, თუმცა ინაუგურაციის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა. ტრამპის ბიზნესიმპერია 500–მდე სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურას აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები