იუსტიციის სამინისტრო საკუთარ სივრცესა და მომსახურებას შშმ პირებისათვის უკეთ ადაპტირებულს ხდის

ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო − იუსტიციის სამინისტროს სისტემა შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, იუსტიციის მინისტრი შშმ პირების საჭიროებებზე ყველაზე უკეთ მორგებულ საჯარო უწყებას − იუსტიციის სახლს ეწვია. თეა წულუკიანმა უსინათლო პირებისათვის სპეციალურად მოწყობილი გარემო დაათვალიერა. სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო სივრცეში ყველა იმ სერვისის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისათვის შეიქმნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლი საუკეთესო ნიმუშია იმისა, რომ მორგებული გარემოს პირობებში, შესაძლებლობები შეუზღუდავია. გარე პერიმეტრზე დაპროექტებული და აშენებულია პანდუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის, რომელიც შიდა სივრცეს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის. მომსახურების დარბაზებში ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, საკონსულტაციო სივრცეები კი სპეციალური მაგიდებითაა აღჭურვილი, რომლებიც ეტლით მოსარგებლეთათვისაა ადაპტირებული.
სივრცე სრულადაა მორგებული უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე. შიდა სივრცეში დაგებულია სპეციალური ტაქტილური ბილიკები. კიბის უჯრედები და საფეხურები, ლიფტისა და სხვა საჭირო ადგილების შესასვლელები, მონიშნულია სპეციალური იატაკის საფარით. ბრაილის შრიფტითაა დამზადებული შესასვლელში განთავსებული სანავიგაციო რუკა და მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები. ყველა სართულზე, ყველა ოთახზე არის მანიშნებლები, ასევე ბრაილის შრიფტით შესრულებული. უკვე არსებობს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად ადაპტირების პროექტი.
შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის ვებგვერდი და ონლაინსერვისებიც. უსინათლო და მცირემხედველთათვის განკუთვნილია ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია, სამი სხვადასხვა ფუნქციით: ხმოვანი, კონტრასტული და ზრდადი.
სერვისების დამოუკიდებლად მიღება სულ მალე იქნება შესაძლებელი სმენადაქვეითებული და ყრუ მოქალაქეებისთვისაც. უკვე შეირჩნენ ოპერატორები, რომლებიც ჟესტების ენას დაეუფლებიან.
იუსტიციის სახლი არ არის იუსტიციის სამინისტროს სისტემის ერთადერთი უწყება, რომელიც შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებისთვის განუწყვეტლივ მუშაობს. სმენა და მხედველობადაქვეითებული პირებისათვის ხელმისაწვდომია სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული და დისტანციური სერვისებიც.
ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად 31 სხვადასხვა სერვისის მიღება შეუძლიათ. კონსულტაციას მათ კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ.
უსინათლო და მცირემხედველებისათვის სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდი (voice.sda.gov.ge) ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც უსინათლო პირები ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში იღებენ. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, მხედველობადაქვეითებულ მომხმარებლებს შეუძლიათ, შეცვალონ საიტის ფონის ფერი და შრიფტის ზომა. შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურა, სულ მალე კი დაიწყება ცენტრების ვებგვერდების ადაპტირება უსინათლოებისათვის.
უწყების ცნობით, შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებიც. უსინათლო და მცირემხედველ პირებს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი დოკუმენტაციის მიღება ბრაილის შრიფტით შეუძლიათ. ადაპტირებულია უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული პროგრამა (https://naprweb.reestri.gov.ge), რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცნობა და უფასო ელექტრონული სერვისების მიღება შშმ პირებს ხმოვანი პროგრამის გამოყენებით მარტივად შეუძლიათ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით გახდა შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის პოლონეთის საელჩოს საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამას, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, კავშირს „მარიანი”, საქართველოს უსინათლოთა კავშირს.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ინფრასტრუქტურისა და სერვისების ხელმისაწვდომობა უწყებებს შშმ პირების დასაქმების საშუალებას აძლევს. დღეისათვის სამინისტროსა და სსიპ-ებში 30-მდე შშმ პირი მუშაობს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

naprweb.reestri.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები