ირაკლი კობახიძემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო

“კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტებისთვის. როცა კითხულობ კონსტიტუციას, ზუსტად უნდა იცოდე, როგორ უნდა იყოს შემუშავებული და მომზადებული ნორმატიული აქტი და საკანონმდებლო აქტი. სამწუხაროდ, დღევანდელი კონსტიტუცია ასეთი სახელმძღვანელოს ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუხვეწავი საკანონმდებლო აქტი, რაც კი მოქმედებს საქართველოში”, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს რიგით XVIII ეროვნულ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს მოწვევისა და ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. დოკუმენტიც, სწორედ, ფართო ჩართულობისა და განხილვების საფუძველზე შემუშავდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა – კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და დაუხვეწავი საპარალამენტო მმართველობის მოდელის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად.

„დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამ დადგენილებით  განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთვის. ერთი ამოცანა იყო  კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, განსაკუთრებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. დღეს მოქმედი კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რაც ვენეციის კომისიის მიერ იყო  ხაზგასმული 2010 წლის დასკვნაში. დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების, ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთ დაბალანსების პრინციპი და განსაკუთრებით ეს გამოიხატება იმით, რომ დასუსტებულია პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საკვანძო კონსტიტუციური ორგანო ამ სისტემაში.  მეორე ამოცანის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩამოყალიბებულია ძალიან  დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და პარლმენტმა ამოცანად დაგვისახა დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. დღევანდელი სისტემა თავისი არსით არის საპარლამენტო და ამასთან დაკავშირებითაც არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა. რეალურად, დღევანდელი სისტემა თავისი ბუნებით არის საპარლამენტო და ჩვენი ამოცანა იყო არა ამ მოდელის შეცვლა, არამედ ამოცანა იყო მოდელის შენარჩუნება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამის გარდა, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში იყო შინაარსობრივ-კონცეპტუალური, ასევე, ტექნიკური და გრამატიკული ხარვეზებიც კი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი მიზანი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, გამართული დოკუმენტის შემუშავება იყო.

„კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტებისთვის. როცა კითხულობ კონსტიტუციას, ზუსტად უნდა იცოდე, როგორ უნდა იყოს შემუშავებული და მომზადებული ზოგადად ნორმატიული აქტი და საკანონმდებლო აქტი. სამწუხაროდ, დღევანდელი კონსტიტუცია ასეთი სახელმძღვანელოს ფუნქციას ვერ ასრულებს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუხვეწავი საკანონმდებლო აქტი, რაც კი მოქმედებს საქართველოში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესზეც. მისი თქმით, მმართველი გუნდის ამოცანა იყო  დოკუმენტის შემუშავება გახსნილი პროცესის საფუძველზე შეგვემუშავებინა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. „ბუნებრივია, მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივად შეუძლია, საკონსტიტუციო ინიციატივის წარდგენა პარლამენტში და მისი მარტივად მიღება, თუმცა, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ჩვენ ვიცით, რა შედეგებამდე მიგვიყვანა ასეთმა პრაქტიკამ. ჩვენი ამოცანა გახლდათ არა ერთპიროვნული ცვლილებების შემუშავება, არამედ ფართო ჩართულობით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადება. ამისთვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც გაერთიანდა, მთლიანობაში, 73 წევრი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში 70 წევრი ჩაერთო. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ბოიკოტის მიზეზი სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი იყო.

„ პრეზიდენტმა თავიდან შემოგვთავაზა ფორმატი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სამი თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი, რომლის მიხედვითაც, კომისიას ერთი თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა და ფორმატი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო. ფორმატებს შორის იყო კონცეპტუალური სხვაობა. პრეზიდენტი გვთავაზობდა საპრეზიდენტო ფორმატს, ჩვენ შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი. რაც შეეხება საპარლამენტო ფორმატის მიზანშეწონილობას, არამარტო მიზანშეწონილი იყო ასეთი სახით კომისიის დაფუძნება, არამედ აუცილებელიც გამომდინარე კონსტიტუციის მოქმედი რეგულაციებიდან. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება, არის პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს არ ჰქონდა, რეალურად, ალტერნატივა და ეს ყველაფერი რეალურად გამოჩნდა პროცესის მიმდინარეობისას. პროცესის ეფექტიანობამ და ეფექტურობამ დაადასტურა, რომ ფორმატი იყო სწორი სახით ჩამოყალიბებული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესზე საუბრისას, ირაკლი  აღნიშნა, რომ ინიციატივების დაახლოებით 80 %, ძირითადად, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მიერ იყო წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსი გააცნო. მისი განცხადებით, პრეამბულის შეცვლაზე პრინციპული უარი ითქვა, რათა საქართველოს კონსტიტუციის ეს ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი სტრუქტურით არის წარმოდგენილი კონსტიტუციის პირველი თავი, სადაც გარანტირებულია კონსტიტუციონალიზმის სამი ძირითადი პრინციპი და მას მეოთხე პრინციპი – ეკონომიკური თავისუფლება ემატება. ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეულ პრინციპს ცალკე მუხლი დაეთმო. „ეს პრინციპებია: დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ეს  დღესაც ასახულია მოქმედ კონსტიტუციაში, პრეამბულაში, თუმცა, ერთგვარად არის ჩაკარგული დოკუმენტის ამ ნაწილში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითოეული ამ პრინციპისთვის ცალკე მუხლი დაგვეთმო, რასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტუალური და ასევე, პრაქტიკული მნიშვნელობა. გარდა ამისა, აქ კონკრეტული გარანტიებიც არის გაწერილი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს პრინციპის რეალიზებას, დემოკრატიის პრინციპის რეალიზებას. კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზეც კი, შეუძლებელი ხდება ან პარლამენტის, ან სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება. ანუ, ვერანაირი საკონსტიტუციო ცვლილება ამას ვერ უზრუნველყოფს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცალკე მუხლი ეთმობა სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, სადაც სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა გაწერილი.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი სტრუქტურა თავიდან ბოლომდე არის გადამუშავებული. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეორე თავში არაერთი აბსტრაქტული ბუნების ძირითადი უფლება გვხვდება, რომელთა რეალიზებაც შეუძლებელია. „აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მეორე თავიდან ამოგვეღო ყველა ის აბსტრაქტული ნორმა, რომელიც აქ არის მოცემული და დაგვეტოვებინა მხოლოდ კონკრეტული იურიდიული ძალის მქონე ჩანაწერები. გადავწყვიტეთ, რომ სტრუქტურა კონცეპტუალურადაც შეგვეცვალა და დღეს მეორე თავი იწყება ადამიანის ღირსების ძირითადი უფლების გარანტიით, რასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტუალური დატვირთვა”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, დადგენილია ქმედითი ძირითადი უფლებები, რომლებიც მოქმედ რედაქციაში ან საერთოდ არ იყო, ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული, მათ შორის, უფლება სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება და ა.შ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გაზრდილია დაცვის სტანდარტი.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეფასებს. მისი თქმით, მეორე თავთან დაკავშირებით, რამდენიმე, არსებითად ტექნიკური ხასიათის შენიშვნა გამოითქვა და ეს გაზიარებული და ასახული იქნება.

„ყველაზე ცხელი საკითხები მეორე თავში ეს იყო მიწა და ქორწინება. საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების გათვალისწინებით და შემდგომი მსჯელობის საფუძველზე, გადაწყდა ჩანაწერის გამკაცრება. გრძელდება იმასთან დაკავშირებით მსჯელობა, თუ როგორ ჩამოყალიბდება მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერი, თუმცა, იქნება მაქსიმალურად შეზღუდული მიწის გასხვისება უცხოელებზე. ფართო დისკუსია იყო ქორწინების საკითხთან დაკავშირებითაც. კონსტიტუციის დონეზე კონკრეტდება ქორწინების დეფინიცია, კერძოდ, აღინიშნება კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი. ძალიან კონკრეტული ძალები იყენებენ ასეთი დეფინიციის არ არსებობას ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ჩვენ გვინდა, რომ ეს საბაბი გამოვაცალოთ ასეთ ძალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერავინ ვერ მოახერხოს საქართველოში როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობების გაღვივება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განმტკიცებულია ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს სახელმწიფო მმართველობის სისტემას. მოწესრიგებულია პარლამენტთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. კონცეფცია, რომელიც ამ ცვლილებებს უდევს საფუძვლად, შემდეგში მდგომარეობს – ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. „თითოეული ის ნორმა, რომელიც შესაბამის თავებშია წარმოდგენილი, ამ ოთხი საკვანძო პრინციპის რეალიზებას ემსახურება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ძლიერ პარლამენტს, მისი თქმით, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობის საკითხები დღეს სათანადოდ მოწესრიგებული არ არის და ახალ რედაქციაში იზრდება მთავრობის როგორც ანგარიშვალდებულების, ასევე, პასუხისმგებლობის ხარისხი საქართველოს პარლამენტის მიმართ. „ვენეციის კომისიის კრიტიკის ერთერთი მთავარი საგანი იყო უნდობლობის ვოტუმი, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და შესაბამისი მუხლით დღეს მთლიანად არის გასწორებული და შესაბამისობაში მოყვანილი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ძლიერდება ოპოზიციის პოზიციები პარლამენტში. განსაკუთრებით, ეს გამოიხატება იმ ნორმაში, რომლის  თანახმადაც ოპოზიციას თავად შეეძლება დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი რამ, რაც პარლამენტს აძლიერებს, არის შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მისი თქმით, ასეთ დროს იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, რაც, დადებითად აისახება პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შიგნით და ეს ყველაფერი, მთლიანობაში, გააძლიერებს საქართველოს პარლამენტს. „ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სისტემის შეცვლა შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ ამ სისტემის წყალობით, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და შემდეგ ეს უმრავლესობა ბოროტად გამოიყენა საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ყოველგვარი ტიპის ავტოკრატიის პრევენცია და ზუსტად ამას ემსახურება გადასვლა შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპზე, რომელიც კონსტიტუციის შესაბამის თავშია გარანტირებული.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოწესრიგებულია კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხიც და შემოდის ე.წ. პლურალური ვოტუმი, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის გადასინჯვის თაობაზე უნდა დამტკიცდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ნაწილში მრავალი პოზიტიური ცვლილებაა შეტანილი და აღნიშნული საკითხები მკაფიო რეგულაციებით წესრიგდება. რაც შეეხება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, აქ ერთადერთი ნორმაა წარმოდგენილი, რომლის თანახმად, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ევალება ყველა ზომის მიღება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „ეს არის ჩანაწერი, რომელიც ერთგვარი დავალების სახით არის ფორმულირებული”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ახალ პროპორციულ სისტემაზეც. „ სისტემას ახასიათებს სამი ელემენტი – 5%-იანი ბარიერი, რომლის მიზანია, განსაზღვრული დოზით სტაბილურობის უზრუნველყოფა. ბლოკების გაუქმებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს პარტიული სისტემის განვითარების პროცესი. მესამე ელემენტი არის ე.წ. ბონუსის ელემენტი, რომლის თანახმად, გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად გადადის გამარჯვებულ პარტიაზე. საუბარია ხუთპროცენტიან დანამატზე, რომელიც ეძლევა გამარჯვებულ პარტიას იმისთვის, რომ მეტი სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი სისტემაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის სტატუსზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ქვეყანას რეალურად მართავს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ირაკლი კობახიძის თქმით, იგივე ეხება უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსს და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. „სტატუსის სამივე ელემენტი რეალურად რჩება ძალაში, პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, უმაღლეს მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობაში, მთავარია, რომ ამ ჩანაწერების სწორი ინტერპრეტირება მოხდეს. რაც შეეხება კომპეტენციებს, ხშირად იყო საუბარი, რომ ჩვენ გვინდოდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. პრეზიდენტის უფლებამოსილებები რეალურად შეიზღუდა 2010 წელს. შესაბამისად, ვერანაირი საკონსტიტუციო ცვლილებით, პრეზიდენტს უფლებამოსილებას ვერც შეუმცირებ და ვერც გაუზრდი. მხოლოდ ორი კომპეტენციის გადასინჯვაზეა საუბარი. ერთი ეხება უშიშროების საბჭოს და მეორე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, მთავარია, სწორად იყოს არჩევის წესი ჩამოყალიბებულ სისტემაზე მორგებული. „ზეპარტიული პრეზიდენტის პრინციპის უზრუნველსაყოფად პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებსაც, რომლებიც კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებსა და იქ გამოთქმულ მოსაზრებებს, მიწის საკითხსა და ქორწინების დეფინიციას, ბონუსის სისტემას, პრეზიდენტის არჩევის წესს, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები