კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, კონკურსი „თბილისი“, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდება, ქართულ სახელოვნებო და ლიტერატურულ სივრცეში ერთგვარი ნოვაციაა და შემოქმედების ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა: პროზა, პოეზია, ფერწერა, მუსიკა, ფოტოხელოვნება, ქანდაკება, არქიტექტურა, ასევე, სკოლის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებული – ,,წლის საუკეთესო ესე“ და ჟიურის სპეციალური პრიზი.
„კონკურსი „თბილისი“ ერთიან შემოქმედებით დისკუსში ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა გაერთიანებისთვის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, ხოლო შემოქმედებითი გარემოს სტიმულირება, რომელიც თბილისის კულტურული პოლიტიკის ღერძია, ხელოვანთა მოტივაციითა და მათთვის შემოქმედებითი მუხტის მქონე სივრცის შექმნით მიიღწევა’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და პროცესში უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
,,ნაწარმოებებს ქართველი ემიგრანტებისგანაც ვიღებთ, მაგალითად, შარშან კონკურსის ფერწერის ნომინაციაში გამარჯვებული ესპანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი გახდა“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კონკურსში „თბილისი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოები განიხილება და კონკურსანტს თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარმოდგენა შეუძლია.
ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია არცერთ ნომინაციას, გარდა ერთისა – ნომინაცია სკოლის მოსწავლეებისთვის – ,,წლის საუკეთესო ესე’’, რომელშიც თემატიკა ყოველწლიურად განსხვავებულია.
წელს ესეს თემებია: „ილიას საქართველო“, ასევე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება.
გამარჯვებულებს საკრებულოსგან ფულადი ჯილდო და მოქანდაკის, გია ჯაფარიძის მიერ კონკურსისთვის შექმნილი ხოხბის ქანდაკება გადაეცემათ, ხოლო სპონსორები მათთვის სპეციალურ ფასიან პრიზებს აწესებენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევრები 8 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ.
გამარჯვებულების დაჯილდოება „თბილისობის“ ღონისძიებების ფარგლებში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები