თბილისში ბინის გაქურდვის მცდელობა აღკვეთეს (ვიდეო)

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, 7 საბრძოლო ვაზნით, „ტე-ტეს“ სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი, 2 მჭიდითა და 17 ვაზნით და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 97 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებულის სახლიდან ასევე ამოღებულია: მოყვითალო ფერის ნივთი ფითილით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხელსაწყოები – ე.წ. „ატმიჩკები“, ელექტროჩარხი, დამჭერი – ე.წ. „ტისკი“, საკეტი მექანიზმები და გასაღებები, სხვადასხვა სამკაული, მობილური ტელეფონი, ხელნაწერი ფურცლები სქემატური გამოსახულებებით და მაჯის ორი საათი.
დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა. გამოძიება ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე, 177-ე და 236-ე მუხლებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები