გლდანის ციხის დირექტორის ყოფილი მოადგილე: გიორგი აბდალაძეს პატიმრის ცემით დავემუქრე

“გიორგი აბდალაძეს დავემუქრე პატიმრის ცემით, რომელიც მასთან ერთად იჯდა საკანში”,-ამის შესახებ ე. წ ფოტოგრაფების საქმის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ვიქტორ ყაჭეიშვილმა განაცხადა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა. ყაჭეიშვილის მტკიცებით, აბდალაძე მას ეუბნებოდა, რომ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე, რათა ეღიარებინა ჯაშუშობის ბრალი.

“მე-8 დაწესებულებაში შემოიყვანეს აბდალაძე, გედენიძე და ქურციკიძე. მოვათავსეთ ცალ-ცალკე საკნებში. მე უშუალოდ მქონდა შეხება გიორგი აბდალაძესთან. ის ციხის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის დავალებით ამყავდა ადმინისტრაციულ კორპუსში. აბდალაძემ საკანში მოთავსების შემდეგ დაიწყო შიმშილობა და ამის გამო ავიყვანე ის მუხაძესთან კაბინეტში. დირექტორმა მოსთხოვა კატეგორიულად, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რაზეც აბდალაძემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ, დავაბრუნე საკანში. შემდეგ უკვე მე ჩავედი მასთან მოგვიანებით და მოვთხოვე შიმშილობის შეწყვეტა. მივიღე უარი, რის შემდეგაც დავემუქრე პატიმრის ცემით, რომელიც მასთან ერთად იჯდა საკანში, თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას. ცოტა მოგვიანებით, დამიძახა აბდალაძემ და შეწყვიტა შიმშილობა”, – განაცხადა ყაჭეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაფორმალურად შედიოდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები, მათ შორის დავით დევნოზაშვილი, რომელიც ამ საქმეზეა ბრალდებული. როგორც ვიქტორ ყაჭეიშვილმა განაცხადა, მისთვის და ამ დაწესებულების სხვა თანამშრომლებისთვის დავით დევნოზაშვილს ბრალდებულებზე ზეწოლა განუხორციელებია.
მოწმის თქმით, მას ალექსანდრე მუხაძემ პირად საუბარში უთხრა, რომ ფოტორეპორტიორები დაკავებულები იყვნენ 26 მაისს გადაღებული ფოტოსურათების გამო.
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რომელიც ფოტორეპორტიორების საქმეზე მოწმის სახით იკითხება, ამჟამად მსჯავრდებულია. მას რამდენიმე საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული, მათ შორის პატიმრების წამების საქმეზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები