გიორგი აბაშიშვილი: კონსტიტუციის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლებას დემოკრატიის ტესტი აქვს ჩასაბარებელი

”დღევანდელი რეალობა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, არის, რომ ყველა ჯგუფი, გარდა ხელისუფლებისა, ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხზე თანხმდება და პრაქტიკულად, აქვს ერთიანი პოზიცია“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
​გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროცესი გრძელდება და იგი იმედოვნებს, რომ შემდეგი კვირები გამოყენებული იქნება სწორედ კონსენსუსის მისაღწევად. ”დღევანდელი რეალობა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად, ყველა ჯგუფი, გარდა ხელისუფლებისა, ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხზე თანხმდება და პრაქტიკულად, აქვს ერთიანი პოზიცია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აპირებს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებას. ხელისუფლებამ შემოგვთავაზა კონსტიტუციური პროექტი, რომელიც არის ნულოვანი კონსენსუსით მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ არის რესურსი კონსენსუსის მიღწევის, რადგან ახლა ხელისუფლებას აქვს ერთ-ერთი მთავარი ტესტი – დემოკრატიის ტესტი ჩასაბარებელი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ​ცნობისათვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები