ალექსანდრე ჯეჯელავა: ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციის – ”სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებთან სკოლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხარისხიანი პედაგოგების გარეშე, შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება.
მინისტრმა სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეების შედეგიანობაზეც გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის განცხადებით, ორდღიან კონფერენციაზე  შესაბამის გადაწყვეტილებებზე იქნება საუბარი. ”გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს დიაგნოზი, ანუ ის, თუ რა იწვევს პრობლემას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას.
ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე, შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა.
ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სხვა  სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, ჩვენი ყურადღება ერთი-ორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტობრივად, პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს პერიოდული პრობლემაა”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები