ირაკლი კობახიძე: დახვეწილი კონსტიტუციის მიღებას ხელს პრეზიდენტი ვერ შეუშლის

მმართველი გუნდის ამოცანა დახვეწილი კონსტიტუციის მიღებაა და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღის წესრიგი ხელს ვერ შეუშლის ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან ჯერ კიდევ საყოველთაო-სახალხო განხილვების დაწყებისას განაცხადა იმ სპეციალური შეხვედრის შესახებ, სადაც კონკრეტული დესტრუქციული გეგმის შესახებ შეთანხმდნენ.
„სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ მიწევს ამის გამეორება, რომ პრეზიდენტი თავიდანვე, პირველივე დღიდან იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო კომისიის დისკრედიტაცია. ხელის შემშლელი საქმიანობა პირდაპირ წარმოებდა.
როცა დაიწყო უკვე საყოველთაო-სახალხო განხილვა, მე უკვე ვთქვი, წინასწარ, რომ შედგა სპეციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და იმ შეხვედრაზე შეთანხმდა კონკრეტული დესტრუქციული გეგმა. ამის მონაწილე, სამწუხაროდ, იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მაშინ ვამბობდი, რომ კონკრეტული სახით იქნებოდა ეს დესტრუქციული გეგმა განხორციელებული. როგორი იქნებოდა ეს დესტრუქციული გეგმა, ამას ყველა ერთად ვნახავდით და ვიხილეთ კიდეც ამ გეგმის კონკრეტული შედეგები. კონკრეტული დესტრუქციული ნაბიჯები გადაიდგა კონკრეტული პოლიტიკური ძალების და სხვა სუბიექტების მხრიდან და კიდევ ერთხელ, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში იყო ჩართული პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ეს არის ძალიან სამწუხარო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანა დახვეწილი კონსტიტუციის მიღებაა და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღის წესრიგი ხელს ვერ შეუშლის. „ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანა არის, მივიღოთ დახვეწილი კონსტიტუცია, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და რომელიც ხელს შეუწყობს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ნეგატიური დღის წესრიგი ჩვენ ამ ამოცანის შესრულებაში ხელს ვერ შეგვიშლის”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები