მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. ჩატარდა პრეზენტაცია სასახლეში განხორციელებული პროექტის – “ქსელთან მიერთებული მზის მიკრო ფოტოელექტრული სადგური”. ეროვნული სასახლის ფოიეში, მონიტორზე, დროის რეალურ რეჟიმში, აისახა სისტემის მუშაობის პარამეტრები, რომელიც ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა წარადგინა. კომპანია BP-ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ნავთობისა და გაზის ბიზნესში ინიცირებული და დაფინანსებული პროგრამის – „განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის პროექტები საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
​ეროვნული სასახლის ინფორმაციით, პროგრამის შესახებ ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა, კომპანია BP -ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში კრის შლუტერმა, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების დეპარტამენტის უფროსმა, მარიკა არაბიძემ, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკა გრიგალავამ და სხვებმა ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში, მერების შეთანხმებასთან მიერთებულ 8 ქალაქში განხორციელდა 11 პროექტი, დაინერგა ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები.
ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ეროვნულ სასახლეს ენერგოეფექტურობაში დახმარება გაუწია.
„იგეგმება სასახლის შენობის რეაბილიტაცია და მას მეტი ენერგოეფექტურობა დასჭირდება. დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ჩვენი ბავშვები დაგეცვათ, მათზე გეზრუნათ“,-განაცხადა სასახლის დირექტორმა.
​პროექტის ფარგლებში, წიგნისა და დოკუმენტური ფილმის “ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში” პრეზენტაცია შედგა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. კონცერტი ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების: “ლაშქარი”, “თამარიონი”, “კავკასიონი”, „ გაზაფხული” , მევიოლინეთა ანსამბლ “სიმის“ მონაწილეობით შედგა. გამოიფინა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის, ხელმარჯვე ეთნოგრაფთა წრის მოსწავლეთა ნამუშევრები – ხატვა-ფერწერა, ქანდაკება, გობელენი, ხეზე კვეთა, ჭედურობა, ქარგვა, მაკრამე, შესრულებული ყველა იმ მხატვრული ტექნიკით, რომელიც სასახლეში ისწავლება. საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელების მინი-ტურნირი, ერთდროული თამაშის სეანსი, რამდენიმე დაფაზე გაიმართება.
​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქალაქ თბილისის მერია ვაკის პარკში მრავალფეროვან საბავშვო ღონისძიებებს მართავს, რომელშიც მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ბასიანი“ და “ფერხული”, ვოკალური ჯგუფი (ხელმძღვანელი მანანა ბალამწარაშვილი) მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები