პრემიერი: ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს განვითარების თანაბარი პირობები

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის.
„ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ, მათი ბავშვობა იყოს უღრუბლო და უფრო მეტი სიხარულით აღსავსე.
ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. სასიხარულოა, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და 15 ათასს მიაღწია.
ჩვენ ასევე განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეობებში მაქსიმალურად ბევრი ბავშვი იყოს ჩართული. ამისთვის გავაკეთეთ არდადეგების მცოცავი გრაფიკი, ასევე, სახელმწიფო აფინანსებს და სუბსიდირებას უკეთებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში. ზაფხულისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ბანაკებთან დაკავშირებით. ბანაკების აქტივობებში მონაწილე ბავშვების რაოდენობა ძალიან გაიზრდება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსიც მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ასევე, გაგრძელდება სოფლად მცირე სკოლების მხარდაჭერის პროგრამა და რეგიონებში, სკოლებთან დაშორებული სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები