საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ავრცელებს, რომელთა მონაცემებითაც, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება D-2-Etilhexilftalat აღმოჩნდა. ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.
​სახალხო დამცველის აპარატმა, სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა 2016 წლიდან დაიწყო. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კამპანია ”უსაფრთხო სათამაშო” იწყება, რომლის ფარგლებშიც, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
​ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება, მაშინ, როცა მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განხორციელებას. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით სახელმწიფოებმა სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი უნდა შექმნან, რათა უზრუნველყონ ბავშვებისთვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. ეს დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შესრულდეს.
​სახალხო დამცველმა 2017 წლის 9 მარტს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ბაზაზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ომბუდსმენის კამპანიას უერთდებიან ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან, ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანას და გავრცელებას საქართველოში. ასევე, დაფუძნდა ასოციაცია ”უსაფრთხო სათამაშო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები