„საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასდროს ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს ნილს მუჟნიეკს შეხვდა. უწმინდესმა ნილს მუჟნიეკს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. პატრიარქი უკრაინის მოვლენებსაც შეეხო. მისი თქმით, ის მოვლენები, რომლებიც ვითარება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში.
“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოვლენები, რომლებიც ვითარება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. მე მგონია, თქვენი ჩამობრძანება ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ევროსტრუქტურების წევრი გახდეს. საქართველო, მოგეხსენებათ, უძველესი კულტურის ქვეყანაა და ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს კავშირებზე, გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი უძველესი კულტურა. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე.
ნილს მუჟნიეკსმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ უწმინდესი მის წინამორბედს, თომას ჰამერბერგს არაერთხელ შეხვედრია. ეს შეხვედრები ემთხვეოდა რუსეთის ომს და მის შემდგომ პერიოდს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თქმით, თომას ჰამერბერგი უწმინდესისგან ძალიან დიდ მორალურ მხარდაჭერას იღებდა ამ ვიზიტების დროს.
“თქვენ ბრძანეთ, რომ რთულ დროში ცხოვრობთ, უკრაინის მოვლენები მეტყველებს იმაზე, რამენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვას, არ დავუშვათ ძალადობა, ძალმომრეობა და ტკივილი. ჩემს მთავარ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო საქართველოს და ევროპის საბჭოს წევრ სხვა სახელმწიფოებს, რათა ნამდვილად ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კულტურა ჩამოაყალიბონ. ევროპა პატივს სცემს ყველა ერის, ყველა ხალხის ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას”, – აღნიშნა შეხვედრაზე ნილს მუჯნიეკსმა.
მუჯნიესკსი საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფთან დაკავშირებით პატრიარქის შეხედულებებით დაინტერესდა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის დროს შეხვდა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე პირებს. მან კათოლიკოს-პატრიარქს ამ თვალსაზრისით შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება სთხოვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები საქართველოში უძველესი დროიდან იყვნენ, კერძოდ, 26 საუკუნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ ებრაელები, ასევე მუსლიმები, ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.
“მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასდროს არ ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, იმ საკითხებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ წამოიშვა, ჩვენ ძმური სიყვარულით ვწყვეტთ. მე თავად აღზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, რომლის მეგობრები ისლამის წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. მე ვხედავ, რომ საქართველო არის ნამდვილი მაგალითი სხვა ქვეყნებისათვის ამ ურთიერთობებში”, – განაცხადა შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.