საფრანგეთმა 2013 წელს 19380 ბოშა ქვეყნიდან იძულებით გაასახლა
საფრანგეთის ხელისუფლებამ 2013 წელს თავისი ტერიტორიიდან 19 380 ბოშა იძულებით გაასახლა. ეს რიცხვი ქვეყნისთვის რეკორდული გახდა. ერთდროულად გაანადგურეს 165 ბანაკი, სადაც ცხოვრობდნენ დეპორტირებულები, – წერს გამომცემლობა “The Local”. ამასთან, ქვეყნიდან გაძევებულ ბოშათა უმრავლესობას არანაირი დახმარება არ გაუწიეს. საფრანგეთის ხელისუფლება არც ეცადა, დროებით სადმე მათ განთავსებას.
საფრანგეთიდან დეპორტირებულების რიცხვი 2013 წელს, 2012-თან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა. 2012 წელს საფრანგეთიდან 9400 ბოშა იქნა დეპორტირებული, 2011 წელს კი – 8400. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მანუელ ვალისი ამტკიცებს, რომ რადგან ბოშებს არ სურთ საზოგადოებასთან ინტეგრირება, ქვეყნიდან მათი დეპორტირების პროცესი უნდა დაიწყოს. ამ წინადადებას, გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქეების უმრავლესობაც ემხრობა. ბულგარეთიდან და რუმინეთიდან საფრანგეთში ემიგრირებული ბოშების დეპორტაციაზე საუბარი ჯერ კიდევ ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიწყო.
ევროკომისიამ არაერთხელ გააკრიტიკა საფრანგეთის ხელისუფლების ქმედებები. ევროკომისიის მაღალჩინოსნების აზრით, ბოშები ევროკავშირის მოქალაქეები არიან და მათ საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრების სრული უფლება აქვთ. ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ბოშების დეპორტაცია ძვირად დაუჯდება ქვეყანას და არც სასურველ შედეგს მოიტანს. ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში 20 ათასამდე ბოშა ცხოვრობს.