“ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპზე”

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანჰუის პროვინციის ქალაქ ჰეფეიში „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017″- ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენებით გამოვიდა.

თავის სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე

„ერთი სარტყელი – ერთი გზის” შესახებ და საქართველოს როლზე ამ პროცესში.
„სრულად ვეთანხმები შეხედულებას, რომ ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპებზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მათი განხორციელებით, შესაძლებელია ერთი სარტყელი – ერთი გზის გასწვრივ არსებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწიურად იზრდება. მისი თქმით, ამ დინამიკას ხელს შეუწყობს პეკინში 15 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობების განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში მოხდეს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც დააკავშირებს „ახალი აბრეშუმის გზის” ქვეყნებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა 4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზების პროექტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბი.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „ერთი სარტყელი – ერთი გზის” ცენტრალური დერეფნის მიმართულებით, რომელიც საქართველოზე გადის, ტვირთის გადაზიდვა არის ბევრად უფრო უსაფრთხო, დროის თვალსაზრისით, მომგებიანი და სხვა მარშრუტებთან კონკურენტუნარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები