პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის მიერ მომზადებულ ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ერთი წავიდა.
საკანონმდებლო პაკეტით დაწესებული შეზღუდვები ძალაში 2018 წლიდან შევა. კერძოდ, პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვასა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების – პიქტოგრამების დატანა სავალდებულო იქნება.
2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა.
მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, სადაც დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს. ამასთან, სიგარ-ბარის გასახსნელად საჭირო იქნება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ამავე პერიოდიდან ისეთი ფილმების გაშვების წინ, სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია, სავალდებულო იქნება ანტითამბაქოს რეკლამის გაშვება.
სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება ე.წ. დრაივ-თამბაქო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები