„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატის ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკიდურესად შეშფოთებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატის ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო. ზალბერმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლ ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული დიპლომატი ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებას აკეთებს, თუმცა მისი ყველა განცხადება დღემდე რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ. მიგვაჩნია, რომ მისი განცხადებები უხეშად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციისგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს. შესაბამისად, აღნიშნული დიპლომატის მიერ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში საქმიანობის გაგრძელება, პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მოითხოვოს ზალბერის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და აღკვეთოს მისთვის მანდატის გაგრძელება. მიგვაჩნია, რომ გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომლის შედეგადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ანექსიის პროცესის საკითხი, მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასიური დიპლომატიური პოლიტკის შედეგად გახდა შესაძლებელი ევროპელი დიპლომატის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს – ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ამასთან, ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები