„განცხადებები, რომელიც გავრცელდა მედიით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის“

“განცხადებები, რომელიც გავრცელდა მედიით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ცალსახა.
”ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ევროკავშირმა, ასევე, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. არჩევნებთან და მის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომელიც გავრცელდა მედიით, რა თქმა უნდა, ამ პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა, გარწმუნებთ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. ამის თაობაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ძალიან ცალსახა განცხადება გააკეთა”,- განაცხადა ციხელაშვილმა.
​ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში – ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები