„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ევროკავშირის პოზიცია არაერთ განცხადებაში მკაფიოდაა გაცხადებული“

“ევროკავშირის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მის არაერთ განცხადებასა თუ ოფიციალურ კომენტარში მკაფიოდაა გაცხადებული”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის 8 აპრილის განცხადებაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ არის აღნიშნული, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ქმედებებთან დაკავშირებით გაკეთებულ არაერთ განცხადებაში. დუნდუამ ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადება მკაცრად დაგმო.
„სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ საინფორმაციო საშუალებებით, ყოვლად მიუღებელია და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოლიტიკასა და პოზიციას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა დავით დონდუამ.
​ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში – ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები