იანოშ ჰერმანი : მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

“მისტერ ზალბერი თავად გააკეთებს განმარტებას”, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რატომ ჩავიდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში – ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ ოსეთში. ჰერმანმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა.
„მე ვესაუბრე ბატონ მინისტრის მოადგილეს ახლახან ჩატარებული შეხვედრის შესახებ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბატონ მინისტრის მოადგილესთან ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ამ სფეროში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში – ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები