ირაკლი კობახიძე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-20 მაისს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკისთან, პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთან, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაჟოვიჩთან, რუმინეთის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ლივიუ დრაგნეასთან, სენატის თავმჯდომარე კალინ პოპესკუ-ტარისეანუსთან, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ჯორჯე მილევიჩთან გამართავს.
ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „კაზიმირ პულასკის ფონდის” მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის – „საქართველო ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ” მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე საერთაშორისო პოლიტიკაში ეროვნული პარლამენტების როლსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე, ჩრდილო-სამხრეთის ღერძის ინფრასტრუქტურაზე, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ღირებულებებზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები