დავით ლანჩავამ 65 ქვეყნის ადვოკატებთან ერთად აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობა შეაფასა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ლანჩავამ, ჩინეთში, ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

12 მაისს გამართულ კონფერენციაზე 65 ქვეყნის ადვოკატთა კორპუსმა დიდი აბრეშუმის გზის მეგა პროექტზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ იმსჯელეს.

დავით ლანჩავამ „ეკონომეტრის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ადვოკატთა კორპუსი მსგავს მასშტაბურ კონფერენციაზე მიიწვიეს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჰონგ-კონგში, სადაც 65 ქვეყნის ადვოკატები და 24 იურისდიქცია იყო წარმოდგენილი. ჩვენ ის პრინციპები გავიზიარეთ, რომლითაც ვთანხმდებით „აბრეშუმის გზის“ ამ დიდ მეგა პროექტზე, ვიზიარებთ იმ პრინციპებს, რომლის საფუძველზეც უნდა ვითანამშრომლოთ კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სისტემის დახვეწის და კლიენტის ინტერესების დაცვისთვის. ის რეფორმები და პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ის გარანტიაა, რომლის საფუძველზეც ამ ფორუმზე მიგვიწვიეს“, – აღნიშნა დავით ლანჩავამ.

კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროფესიული კონფერენციების ჩატარების მიზანია, პროფესიული წრეები აბრეშუმის გზის პროექტთან სათანამშრომლოდ მზად იყვნენ.

დავით ლანჩავამ აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ეს არის საქართველოსა და 65 ქვეყნის ურთიერთობა, რაც დიდი ბაზრების გახსნას გულისხმობს.

„აბრეშუმის გზის პროექტი ჩინეთის მთავრობამ 2013 წელს დააანონსა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ თანამშრომლობას და ძველი აბრეშუმის გზის ქვეყნებთან ურთიერთობას. პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზა “ უნდა გავიაზროთ რა არის შინაარსობრივად – ეს არის 6 სახმელეთო მარშრუტი, რომელიც ჩინეთიდან სხვადასხვა მიმართულებით გადის და ამასთან ერთად ერთი საზღვაო გზა. ეს არის საუკუნის მეგა პროექტი, რომელშიც 65 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის გადამწყვეტი ხმის უფლებით ჩინეთი. 2014 წელს ჩინეთმა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგად ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგა და პროექტისთვის შექმნა სპეციალური ბანკი, რომელსაც 100 მილიარდი დოლარის პორტფელი აქვს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ერთი წლის შემდეგ კი შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა ინვესტიციების განხორციელება. ჩვენ უნდა გავიაზროთ რამხელა ეკონომიკური შესაძლებლობები იწყება ევრაზიის კონტინენტზე და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჩართულობას ამ პროექტში“, – განაცხადა დავით ლანჩავამ.

მანვე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროექტის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ინტერესს.

„საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით და ჩინეთის სახელმწიფოს წინდახედულობით, საქართველო ამ მონაკვეთის მთავარი მოთამაშეა. ეს არის დამატებითი ინვესტიციები, ეკონომიკური კავშირები, ურთიერთობების გაცვლა. ეს სარტყელი არის ახალი ეკონომიკურ-ფინანსური გადანაწილება მსოფლიოში. ვინც ამ სარტყელის ქვეშ ვერ მოიაზრება, ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. პროექტი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – სხვადასხვა ინსტიტუციები, სახელმწიფო ორგანოები, ბიზნესწრეები, სამართლებრივი სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან და აქტიურად მსჯელობენ“, – აღნიშნა დავით ლანჩავამ.

13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები