„ქართულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს “

„მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირება ის პრინციპული საკითხია, რომელზეც დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​ლორთქიფანიძის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში იყოს მიწის კოდექსი, რომელიც ყველა კატეგორიის მიწაზე რეგულირებას გულისხმობს. ოპოზიციის წარმომადგენელი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქარველოს სასოფლო- სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისდეს.
„მიწის რეგულირების საკითხზე თვითონ „ქართული ოცნების“ გუნდშიც განხეთქილებაა, ამის მტკიცებულებაა ოთარ დანელიას განცხადებაც, რომლითაც ის კატეგორიულად ემიჯნება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო- სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემას. იმედს ვიტოვებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ დარჩნენ ტრადიციონალისტები ვისთვისაც „ქართული მიწა“ არის ეროვნული სამკვიდრო, ვისთვისაც ქართული მიწა ფასდება, როგორც განსაკუთრებული ფასეულობა, ვისთვისაც ქართული მიწა არის ისტორიული კულტურული და სოციალური ფენომენი. კონსტიტუციაში უნდა აისახებოდეს ზუსტად, სამი მარადიული ღირებულება – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ არ გაგვაჩნია მიწის კოდექსი. მიწის კოდექსი ყველა კატეგორიის მიწაზე რეგულირებას უნდა გულისხმობდეს. მათ შორის, უნდა გულისხმობდეს იმ ევროპულ გამოცდილებასაც, რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის იმატრიკულაციის წესი. ეს არის არამცთუ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, არამედ შენი ქვეყნის მოქალაქეზე, მიწის გარკვეული ფართის შემდგომ, ევროპაში 500 ჰექტარია დადგენილი ნორმა. თუკი პირი აცხადებს, რომ ფერმერული მეურნეობა განახორციელოს მიწაზე, მას მიწას საკუთრების უფლებით არ აძლევენ, სანამ არ გაივლის ათიდან ოც წლამდე, გამოსაცდელ სამეურნეო ვადას. ამას ჰქვია იმატრიკულაციის წესი და ეს მთელ ევროპაზე მოქმედებს“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
​იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში უნდა განხორციელდეს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ინვესტიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, ლორთქიფანიძის თქმით, ეს აბსოლუტურად განყენებული გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება, განხილული იქნას ორგანული კანონით განსაზღვრული პირობით.
„ქართულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ქართულ მუნიციპალიტეტს და ქართულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები