„ჩვენ ამოცანაა, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ დაანონსებული მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის“

“ჩვენ ამოცანაა, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ დაანონსებული მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის”, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლის, დავით სანაკოევის განცხადებას.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე ყველა ზომას მიიღებს, რომ ახალი მავთულხლართების გაბმის პრევენცია მოხდეს.
“ქართული მხარის წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. ჩვენ ამოცანაა, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ დაანონსებული მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის. კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ შორის, მომდევნო კვირას, თბილისში, ჟენევის თანათავმჯდომარეების ვიზიტი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ მსგავსი ფაქტის პრევენცია მოვახდინოთ. 2009 წლიდან მოყოლებული, პერიოდულად, გარკვეული ბარიკადების და დამაბრკოლებელი მონაკვეთები შენდება. ცალსახად მიუღებელია და ჩვენი მიზანია, ყველა ამ მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადების და მავთულხლართების დემონტაჟი მოხდეს. ეს რეგიონში არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის ქმნის სერიოზულ რისკებს, არამედ ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან ბევრ დაბრკოლებას და პრობლემას უქმნის, რაც პირველ რიგში, საკუთარ – სამეურნეო მიწებზე, საძოვრებზე წვდომაში გამოიხატება. ეს ის საკითხია, სადაც ქართული მხარის პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანია იმ ფონზე, როცა ამერიკისა და გერმანიის კანცლერის მხრიდან ძალიან მკაფიო განცხადებები იყო. ამ ფონზე, მსგავსი განცხადებები ძალიან პროვოკაციულად აღიქმება. ყველა ზომას მივიღებთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს”, – განაცხდა ქეთევან ციხელაშვილმა.
ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის 77-ე შეხვედრის შემდეგ, ოსურმა მხარემ ქარელის მუნიციპალიტეტში ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება დააანონსა. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები