ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო – სამწუხაროა, რომ აშშ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი აქტის გამო აკრიტიკებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოცხადებულ მხარდაჭერას სამწუხაროს უწოდებს.
„სამწუხაროა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს აბსურდულ მოთხოვნებს და ცდილობს, კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო იზოლაციაში და ბლოკადაში ამყოფოს აფხაზეთის რესპუბლიკა. აშშ-ის ლიდერები ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას ატარებენ და მათთვის არასასურველ სახელმწიფოებზე პოლიტიკურ და ფინანსურ წნეხს ახორციელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები