თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს 5 ქალაქში კანის კიბოს პრევენციისა და დიაგნოსტირების უფასო კამპანია იწყება

​ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია თბილისის მერიის მხარდაჭერით, წელს უკვე მეექვსედ ევრომელანომის კამპანიას იწყებს. კამპანია კანის კიბოს პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ითვალისწინებს. როგორც ექიმმა დერმატოლოგმა, პროფესორმა ლალი მეკოკიშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, კამპანიის ფარგლებში, მსურველი მოსახლეობის უფასო დიაგნოსტირება მოხდება და ტრადიციული საინფორმაციო კამპანია ჩატარდება.
„ ევრომელანომის კამპანია წელს უკვე მეექვსედ ტარდება საქართველოში. ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა კანის კიბოს სკრინინგი და ფართო საინფორმაციო კამპანია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც კანის კიბოს განვითარებისთვის არსებობს. მაისი ამ კამპანიისთვის სპეციალურად არის შერჩეული, რადგან იწყება ზაფხული და აუცილებელია ადამიანებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ზაფხულის განმავლობაში.
კანის სიმსივნეები, მათ შორის მელანომა, ყველაზე გავრცელებული დაავადებებია და მზარდი პრობლემაა. აქციის ფარგლებში, უკვე 4500-მდე ადამიანი გაისინჯა, გამოვლინდა მელანომა, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები. მერიის დაფინანსებით, ჩვენ უფასო ოპერაციებიც ჩავატარეთ. ყოველწლიურად, თბილისის მერია არის ჩვენი კამპანიის მხარდამჭერი. კამპანიის ფარგლებში, ყოველწლიურად, დაახლოებით 1000 ადამიანი ისინჯება. აქცია 14 -20 მაისამდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში , გორსა და რუსთავში გაიმართება. ყველა ამ ქალაქში არსებობს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეს შეუძლია, დარეკოს წინასწარ, ჩაეწეროს და ამის შემდეგ, პაციენტი სრულიად უფასოდ ჩაერთვება კამპანიაში“, – განაცხადა ლალი მეკოკიშვილმა.
​რაც შეეხება სიმპტომებს, ექიმის განმარტებით, პაციენტს უნდა ჰქონდეს კანზე წარმონაქმნი, წამონაზარდი ან პიგმენტური წარმონაქმნები, ხალები. მისივე თქმით, ეს არის სიმსივნე, რომელიც შეიძლება, სრულიად უვნებლად გამოიყურებოდეს და თუ მისი აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე მოხდება, მაშინ ის აბსოლუტურად განკურნებადია და არანაირ ქიმიოთერაპიას არ საჭიროებს.
ყოველწლიური აქცია პაციენტის დიაგნოსტიკას და ინფორმირებას მოიცავს. მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, მერიის დახმარებით, ვრცელდება სპეციალური ბუკლეტები, სადაც აღწერილია, როგორ უნდა დაითვალიეროს ადამიანმა კანი, რა ნიშნებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და რა რისკები არსებობს კანის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების.
​როგორც თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა განაცხადა, მერია დაავადების პრევენციის პროექტში აქტიურად იქნება ჩართული, დაავადების აღმოჩენის შემდეგ კი მერია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭირო მანიპულაციების კუთხით, პაციენტებს დაეხმაროს.
„კამპანიაში, ჩვენი მხარდაჭერით, ხდებოდა ბროშურების ბეჭდვა, გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ჯანდაცვაზე და სოციალურ პროექტებზე იხარჯება, პრევენციაზე მეტად რეაქციულ რეჟიმში ვაფინანსებთ ბევრს პროდუქტს. მათ შორის, ოპერაციებს, ამბულატორიულ მკურნალობას, წამლებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, პრევენციისთვის თანხები იმდენი არ არის, რამდენიც უნდა იყოს. მერიას კიბოს პრევენციის კუთხით, დაწყებული აქვს ბევრი პროექტი, მათ შორის, ძუძუს კიბოს პრევენცია. შესაძლებელია, რომ ევრომელანომის გამოვლენის შემთხვევაში, უკვე ჩაებას მერია.
კამპანიის ფარგლებში ჩვენი მხარდაჭერა გულისხმობს, ზოგ შემთხვევაში, ფინანსურ მხარდაჭერას, რომ მოსახლეობის ინფორმირებისთვის დაიბეჭდოს და გავრცელდეს სპეციალური ბროშურები, ზოგჯერ გულისხმობს ორგანიზაციული კუთხით თანამშრომლობას, თუმცა თუ სხვა პროცესები აღმოჩნდება საჭირო, უკვე მანიპულაციების კუთხით, მერია დასახმარებლად მზად არის“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
​კამპანიაში ჩართვის მსურველი მოსახლეობისთვის თითოეული ქალაქისთვის არსებობს ცხელი ხაზის ნომრები, რომლებიც საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები