“გადაიხედება Booking.com-ის ვებ-გვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის, რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება”
Booking.com-თან მუშაობის შედეგად, ახლახანს შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედება ვებგვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება, და გასწორდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ამ დროისთვის Booking.com-ის 40-მდე სხვადასხვა ენოვან ვერსიაში, საძიებო ველში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქს გვერდით საქართველო მიეთითა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წლებია მუშაობს კომპანია Booking.com – თან. ამ ძალისხმევის შედეგად, ვებგვერდის 40-მდე სხვადასხვა ენოვან ვერსიაში search-ის ფუნქციაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქს გვერდით საქართველო მიეთითა. ეს ფუნქცია გასასწორებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე ენაზე. კომპანიასთან მუშაობის შედეგად, ახლახანს შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედება ვებგვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება, და გასწორდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყება ამავე მიმართულებით კომპანია Airbnb–ისთანაც მუშაობს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა შემთხვევაზე, როცა ამა თუ იმ ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალში. უმეტეს შემთხვევებში, ეს არის ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ამიტომ, ყველა იმ შემთხვევაში, როცა უწყება უკავშირდება კომპანიებს, ისინი ასწორებენ ვებგვერდზე არსებულ ხარვეზებს. ცხადია, არ იგულისხმება რუსული ვებგვერდები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონლაინ დაჯავშნის ვებგვერდ Booking.com-ზე ზოგიერთ ველში ოკუპირებული აფხაზეთი მითითებულია, როგორც ცალკე ქვეყანა, მათ შორის რუსეთიდან ძიებისას.