DW – აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება დახმარება ქვეყნებისთვის, რომლებიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას ითვალისწინებს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში.
ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას ითვალისწინებს.
კერძოდ, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე.
ამავე კანონის მიხედვით, რუსეთის გავლენისა და აგრესიის დასაძლევად ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
ასევე გათვალისწინებულია თანხების გამოყოფა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.