სოფელ გლდანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან, ავჭალის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ბორია ფირცხელიანთან, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ახალი საბავშვო ბაღი სოფელ გლდანში იმ ტერიტორიაზე შენდება, სადაც სკოლამდელი დაწესებულება არასდროს ყოფილა.
ნასაგურისა და სოფელი დიღმის შემდეგ ეს უკვე მესამე ახალი საბავშვო ბაღია, რომელსაც დედაქალაქის მერია თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე აშენებს. საბავშვო ბაღი, სადაც 45 ადამიანი დასაქმდება, 7 ჯგუფიანი იქნება და იქ სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს.
დედაქალაქში ამჟამად 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებას გეგმავს.
ღონისძიებას მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სოფელ გლდანში მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები