ლექვინაძე ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს: ლისის ტბის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მიზანმიმართული გადაწვის შესახებ ინფორმაცია, ტყუილია (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ლისის ტყეში დამწვარი ხეებია ნაჩვენები, ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება. როგორც ლექვინაძე წერს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი შეფასებით, მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პიროვნების მხრიდან, მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია.
„გუშინ სოციალურ მედიაში ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან გავრცელდა მორიგი ტყუილი ინფორმაცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მიზანმიმართული გადაწვის და დაზიანების შესახებ, რასაც სოციალური მედიაში აქტიური განხილვა და სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პიროვნების მხრიდან, რომელიც არაერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა ბოლო პერიოდში (”გრანდიოზული პრემია დანამატები”, ”მატარებელი გვირაბში ვერ ეტევა”, ”მილიონერები თბილისის მთავრობაში და საკრებულოში”, ”თბილისის მერია ლონდონის მერიაზე დიდია” და ა.შ.). მინდა განვმარტო და აქვე ვდებ ფოტომასალას არქივიდან. რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებს დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სიმართლეს არ შეესაბამება. ტერიტორია, სადაც დაზიანებული ხეებია „ლისი დეველოპმენტის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს. არსებობს ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე, დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს.
​სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თბილისის მერია ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ჩვენ გვესმის რომ არჩევნები ახლოვდება და საჭიროა აქტიურობა სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე, თუმცა ვთვლით, რომ ტყუილებით რეიტინგის შექმნა შეუძლებელია. გვინდა მოვუწოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას“, – წერს ირაკლი ლექვინაძე.
​შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარი ხეებია ნაჩვენები.

2012 წელი

2016 წელი 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები