მოსწავლეთა 71 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა

29 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში მოსწავლეთა 71 -ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია გაიმართა. ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების VIII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მონაწილეებმა კონფერენციის 28 სექციაში მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სხვადასხვა სფეროში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს და სექციურ სხდომებზე დაიცვეს თავიანთი თემები. მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს ცნობილმა მეცნიერებმა, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებმა. სულ კონფერენციაზე შემოვიდა 2000 ნაშრომი, დასკვნით ტურზე წარმოდგენილი იყო 447 თემა. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მიზანია მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭის და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ საუკეთესო ნაშრომების ავტორებს: ლინდა სურმანიძეს, თამარ ცინცაძეს, ანა ყველაშვილს, ანა თვარაძეს, ნიკოლოზ ქსოვრელს, მარიამ გობიანიძეს, ეკატერინე აქუბარდიას, ნიკა გვაზავას, თამარ და მარიამ კოხრეიძეებს ეროვნული აკადემიის სიგელები გადასცა.
ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში მოსწავლეთა 71 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის საზეიმო დახურვის ცერემონია შედგა. მონაწილეებს მიესალმა, კონფერენციის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, მან მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა პარტნიორ-ორგანიზაციებს, მხარდამჭერებს.
შეკრებილებს მიესალმა კომპანია „გეოპლანტის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი, რომელმაც სასახლეში გატარებული წლები გაიხსენა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სტიპენდია დააწესა ეროვნული აკადემიის სიგელით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის, ასევე ლიტერატურის სექციის წარმატებული მონაწილე ელვინა მამედოვასთვის. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსმა ხათუნა კიკვაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა დოლიძემ, ფონდ „იავნანას“ წარმომადგენელმა, თეონა ჯორბენაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა იოსებ კვიციანმა, აკადემიკოსმა გურამ ლორთქიფანიძემ, მწერალმა მაყვალა გონაშვილმა, ბიოლოგმა, პროფესორმა ნანა დვალიშვილმა, ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა, ალექსანდრე აკობიძემ და სხვებმა.

კონფერენციის წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე ხარისხის დიპლომებით და სიგელებით, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიპლომებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედი ფონდის, სხვადასხვა ორგანიზაციის, ბიზნესმენთა მიერ დაწესებული პრიზებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები