„ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტია“- როგორია ჰაერის დაბინძურების კვლევის შედეგები

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ ბაგრატიამ ჰაერის დაბინძურების კვლევის ახალი მაჩვენებლები წარმოადგინა. კვლევის შედეგების მიხედვით, როგორც ბაგრატია აცხადებს, თბილისში ჰაერი დაბინძურებულია, თუმცა მდგომარეობა არც ისეთი საგანგაშოა, როგორც ამას მასმედიას აშუქებს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ქალაქში ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების სიმრავლეა.
„ ჩვენს ვებგვერდზე თბილისში არსებული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება ინფორმაცია. ორშაბათიდან დაემატება ბათუმი. ხშირად საუბრობენ მედიაში, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით, კატასტროფული მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, გადაჭარბებული მაჩვენებელია გარკვეულ კონცენტრაციებზე, დღეს საგანგაშო ვითარება ამ კუთხით არა გვაქვს, თუმცა სიტუაცია ნამდვილად დამაფიქრებელია და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, თბილისში ჩვენ გვაქვს მონიტორინგის 3 სადგური – ესაა წერეთლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და ვარკეთილში – გოგირდის დიოქსიდის, ნახშირჟანგის და აზოტის ოქსიდის კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო, გვქონდა მცირედი გადაჭარბება აზოტის დიოქსიდზე და ოზონზე.
ყაზბეგის გამზირზე ოზონის მაჩვენებელი ზღვრულად დასაშვებ ნორმას 1,8 ჯერ აღემატებოდა, დანარჩენი მონაცემები ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში იყო. ვარკეთილში ნახშირჟანგის აზოტის ოქსიდისა და დიოქსიდის, ასევე გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო. ოზონის საშუალო რაოდენობა 2,2 ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას .
აპრილის თვეში, მტვრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა. მისი მაჩვენებელი ნორმას 1,8 ჯერ აღემატებოდა.
ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ გაუმართავი ავტოტრანსპორტი ითვლება. ნებისმიერი ნაბიჯი ავტოპარკის გამოსასწორებლად და ტექდათვალიერების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჰაერის მდგომარეობის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა თამარ ბაგრატიამ.
ბაგრატიამ თბილისთან ერთად, იმ ქალაქების ატმოსფერულ ჰაერში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა, სადაც მონიტორინგის სადგურები არსებობს.
„ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გასულ წლებთან შედარებით, არსებითი ცვლილება არ არის, თუმცა ჰაერში 5-ჯერ შემცირდა ტყვიის ოდენობა და დასაშვებ ზღვრულ ნორმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. სხვა დამაბინძურებლების მიმართ კი მდგომარეობა მხოლოდ მცირედით არის შეცვლილი.
2016 წლის შედეგების მიხედვით, ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში მოიმატა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ. უმნიშვნელოდ შემცირდა ნახშირჟანდის გოგირდის დიოქსიდის და მტვრის საშუალო კონცენტრაციები. ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში უმნიშვნელოდ შემცირდა გოგირდის დიოქსიდის, მანგანუმის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის და მტვრის საშუალო კონცენტრაციები და ნახშირჟანგის საშუალო კონცენტრაცია დარჩა იგივე დონეზე.
თბილისის ატმოსფერულ ჰაერში გაიზარდა აზოტის დიოქსიდის და ნახშირჟანგის საშუალო კონცენტრაციები, უმნიშვნელოდ შემცირდა მტვრის კონცენტრაცია, თუმცა გოგირდის კონცენტრაცია იგივე დონეზე დარჩა. რუსთავის ატმოსფერულ ჰაერში უმნიშვნელოდ დაიკლო ნახშირჟანგის და მტვრის კონცენტრაციებმა, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ მოიმატა. ქუთაისში შემცირდა აზოტის ოქსიდის და დიოქსიდის, ასევე, გოგირდის დიოქსიდის შემცველობა, ხოლო მოიმატა მტვრის და ნახშირჟანგის შემცველობამ.
ინდიკატორულმა გაზომვებმა, რომლებიც დიდ ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში ჩავატარეთ, გვაჩვენა, რომ ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები, გოგირდის დიოქსიდის და ოზონის ინდექსები მთელი წლის მანძილზე იყო დაბალი“- აღნიშნა თამარ ბაგრატიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები