მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მაკედონიის სოციალ -დემოკრატთა ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი – ზორან ზაევი დაშავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შენობაში შეჭრილი საპროტესტო აქციის მონაწილეები სპიკერად ეთნიკური ალბანელის, ტალატ ჯაფერის არჩევას აპროტესტებდნენ.
200-მდე ადამიანი, ძირითადად მოძრაობა „ერთიანი მაკედონიისთვის“ წევრები, თავდაპირველად, პარლამენტის ფოიეში შეიჭრნენ, ხოლო შემდეგ – სხდომათა დარბაზში. შტურმის მოწმეები ყვებიან, რომ შენობის იატაკზე იყო მინის ნამსხვრევები და სისხლის კვალი.
ადგილზე მისულმა პოლიციის სპეცრაზმმა ხმაურის ხელყუმბარები გამოიყენა და მომიტინგეები შენობიდან გამოიყვანა. მომიტინგეებს დეპუტატები პრესცენტრის ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი.