საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებს ღვინის დეგუსტაციაზე უმასპინძლა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სტუმრებს მიმართა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელიამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართველი დეპუტატები კოლეგებს ქართული ღვინით, კერძებით, ყველით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. სტუმრებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო კუთხეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ღონისძიებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციების დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ეს არის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისთვის ქართული კულტურის გაცნობის კიდევ ერთი შესაძლებლობა.
„საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ ღონისძიებამ და ჩვენთან ერთად, ღვინის დაგემოვნებას ბევრი დეპუტატი დაესწრო. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ქართული კულტურა, არა მარტო პოლიტიკა, არამედ ქართული კულტურა, გავაცნოთ სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, პარლამენტის წევრებს და მათ გავუჩინოთ ინტერესი, ეწვიონ საქართველოს, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსები, არამედ როგორც ტურისტები, გაეცნონ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, დაინტერესდნენ და შესაბამისად, უფრო ხშირად გვესტუმრონ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ირინა ფრუიძის თქმით, ღვინის დეგუსტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება.
„მიღება ემსახურება იმას, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო პოპულარიზაცია ევროპის საბჭოში და არა მარტო ევროპის საბჭოში, არამედ მის წევრ პარლამენტებს შორისაც. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ასევე, კარგად წარმოგვაჩენს ევროსაბჭოში”,- განაცხადა ირინა ფრუიძემ.
სტუმრებს შორის იყვნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი ბორის სილევიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე ემანუელის ზინგერისი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ლიბერალებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტი ჯორდი შუკლა და ასამბლეის სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები