სესიაშვილი შვილის მიმართ ბრალდებაზე: პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა, თუ რასთან გვქონდა საქმე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხვალ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს და “ნაცმოძრაობაზე” სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებას აანონსებს. როგორც სესიაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, მას ჰყავს ძალიან წესიერი შვილი, რომელიც გამორჩეულია თავისი სწავლით, მისწრაფებებით. „გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხვალ პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს.

„არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ უბრალოდ დასაცინი გახდება მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიმართლე არ აინტერესებს. მათთვის მთავარია, რომ მათი ბოღმა და ღვარძლი როგორღაც გადმოანთხიონ. როცა მე ვერაფერს მიბედავენ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს შეეხონ და ხვალ უბრალოდ დასაცინი გახდებიან თავიდან ბოლომდე იმდენად, რამდენადაც ამ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებ, თუ რეალურად რასთან გვქონია საქმე. მეც არ ვიცოდი, არც ჩემმა შვილმა იცოდა. ჩემი შვილი ცხოვრებაში პოლიციაში არ მოხვედრილა, იმდენად წესიერ ცხოვრებას ეწევა. ხვალ ვიტყვი რეალურად რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი რეპუტაცია შელახულია.
„მე ამას სამართლებრივ რეაგირებას ნამდვილად მივცემ. თავისთავად ცხადია, პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა, თუ რასთან გვქონდა საქმე”, – განაცხადა სესიაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები