დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინა ფრუიძე ევროპის საბჭოში დანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები – დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინა ფრუიძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, მაიკლ აასტრუპ იენსენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესახებ ისაუბრეს. მაიკლ აასტრუპ იენსენმა, რომელიც ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოფილი მომხსენებელია საქართველოს საკითხებში, განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მონიტორინგის ფაზიდან პოსტ მონიტორინგის ეტაპზე გადასვლას. მხარეებმა აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მაიკლ აასტრუპ იენსენი საქართველოს საკითხებზე ყოფილი მომხსენებელია და საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ბოლო წლებში განვითარებული რეფორმების და დემოკრატიული გარდაქმნების შესახებ ვისაუბრეთ, მას, როგორც ყოფილ მომხსენებელს, ეს ძალიან აინტერესებს და შესაბამისად, ჩვენს მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა იმისთვის, რომ ჩვენ განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ, ჩვენი სტატუსი მონიტორინგის სტატუსიდან გადავიდეს პოსტ მონიტორინგზე”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები