მამუკა მდინარაძე სესიაშვილის ვაჟის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას სიბინძურეს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ირაკლი სესიაშვილის ვაჟის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას სიბინძურეს უწოდებს.
„იმის გამო, რომ ირაკლი სესიაშვილის ან სხვა ადამიანის შვილია, ნებისმიერის, ეს იქნება პოლიტიკოსის თუ ცნობადი ადამიანი, ამის გამო გასაუბრებებსა და შესაბამის კონკურსებში მონაწილეობას, სამსახურებში დასაქმებას ვერ აუკრძალავ. აქ არის მთავარი ის, რომ დღეს იყო ბინძური დაბრალება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რაც უნდა აღიკვეთოს”, – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური ინფორმაცია ირაკლი სესიაშვილის შვილის მისამართით, დღეს ენმ-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები