თალაკვაძე სესიაშვილის ვაჟის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე: “ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ტალახიანი ხელებით საქმიანობას

„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტალახიანი ხელებით საქმიანობას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.
თალაკვაძის განმარტებით, ირაკლი სესიაშვილის ვაჟი საჯარო სამსახურში ვერ დაიწყებდა მუშაობას რაიმე კანონდარღვევა რომ ჰქონოდა ჩადენილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტალახიანი ხელებით საქმიანობას. დავით სესიაშვილი საჯარო სამსახურში ვერ დაიწყებდა მუშაობას რაიმე კანონდარღვევა რომ ჰქონოდა ჩადენილი და ეს შესანიშნავად იციან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ბინძური ბრიფინგი დაგეგმეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ ბოდიში მოიხადონ“,-განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური ინფორმაცია ირაკლი სესიაშვილის შვილის მისამართით, დღეს ენმ-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები