ირაკლი სესიაშვილი: უწესიერესი, გამორჩეული შვილი მყავს

“უწესიერესი, გამორჩეული შვილი მყავს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას , რომელიც დეპუტატის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით გაახმაურეს.
ირაკლი სესიაშვილი შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობას სიბინძურეს უწოდებს. იგი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართოს.
ირაკლი სესიაშვილი მედიიის წარმომადგენლებთან ადასტურებს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.
“ნამდვილად მუშაობს ჩემი შვილი, 6 თვით ხელშეკრულებით აიყვანეს. უწესიერესი, გამორჩეული შვილი მყავს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია, სწავლაზე, განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე. ასეთი სიბინძურე, რომელიც პირდაპირ ჩემ წინააღმდეგ არის მომართული, მათი ხასიათი და სახეა. ასეთ ბინძურ ქმედებას პასუხის გარეშე არ დავტოვებ. იურისტებთან გავივლი კონსულტაციას და დარწმუნებული ვარ, სასამართლოს მივმართავ და პასუხსაც აგებენ ასეთი სიბინძურისთვის,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სკანდალური ინფორმაცია ირაკლი სესიაშვილის შვილის მისამართით, დღეს ენმ-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მათი ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
საქმე ეხება თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები